როცა ეკრანი შავდება: ვის ვხედავთ სინამდვილეში, როცა ტელეფონი დუმს?
ალბათ, შეგიმჩნევიათ ის უცნაური, წამიერი შფოთვა, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა ბატარეა მოულოდნელად ჯდება. ან როცა ინტერნეტი ჭედავს და სოციალური ქსელის უსასრულო ლენტი, რომელიც წამების წინ ფერადი ვიდეოებითა და სხვისი ცხოვრების კადრებით გვაბრუებდა, უცებ იყინება. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური შეფერხება; ეს არის მომენტი, როცა ციფრული „ნარკოზი“ მოქმედებას წყვეტს და ჩვენ რეალობაში ვბრუნდებით. სწორედ ამ წამს, როცა ეკრანი შავდება, ჩვენი თითები ინსტიქტურად იწყებენ მოძრაობას, თითქოს გადარჩენას ითხოვენ. ჩვენ არ გვაშინებს ინფორმაციის ნაკლებობა, ჩვენ გვაშინებს ის სიცარიელე, რომელიც ეკრანის მიღმა რჩება.
თანამედროვე ინტერფეისები ისეა მოწყობილი, რომ არასდროს გაჩერდეს. არცერთი აპლიკაცია არ გვეუბნება: „საკმარისია, დღეისთვის მორჩა“. პირიქით, ისინი გვპირდებიან, რომ შემდეგი ვიდეო უფრო სასაცილო იქნება, შემდეგი სიახლე — უფრო მნიშვნელოვანი. ჩვენი ტვინი შეეჩვია ამ მუდმივ, ციმციმა სტიმულს. ამიტომ, როცა ეკრანი ქვრება, ჩვენ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც მუსიკის მოულოდნელად გაწყვეტისას წვეულებაზე — უხერხულად და დაუცველად. სიჩუმე იქცა ყველაზე დიდ ხმაურად. ჩვენ გვირჩევნია ვიყოთ გაღიზიანებულები, გადაღლილები ინფორმაციული ქაოსით, ვიდრე დავრჩეთ იმ ერთადერთ ადამიანთან, რომელსაც ყველაზე მეტად გავურბივართ — საკუთარ თავთან.
დააკვირდით თქვენს თავს: რამდენჯერ აგინთიათ ტელეფონი ისე, რომ არც კი იცოდით, რას ეძებდით? ჩვენ ვამოწმებთ დროს, მაგრამ არ ვიმახსოვრებთ ციფრებს; ვხსნით აპლიკაციებს, ვკეტავთ და ისევ ვხსნით. ეს მოქმედება აღარ არის ფუნქციური, ეს არის ემოციური „საწოვარა“. ეს არის თითების მექანიკური ცეკვა, რომელიც გვეხმარება, არ დავფიქრდეთ იმაზე, რაც გვაწუხებს. პაუზა საშიშია, რადგან პაუზაში იბადება კითხვები: „ბედნიერი ვარ?“, „სწორად ვცხოვრობ?“, „რატომ ვგრძნობ თავს მარტოსულად?“. სანამ ეკრანი ანთია, ამ კითხვებისთვის ადგილი არ რჩება. ნათელი ფერები და სხვისი ამბები შესანიშნავად ახშობენ ჩვენს შინაგან ხმას.
ყველაზე საინტერესო და ამავდროულად შემზარავი მომენტი კი მაშინ დგება, როცა ეკრანი სრულიად შავდება. ამ დროს ის იქცევა სარკედ — ბნელ, პრიალა ზედაპირად, სადაც ჩვენს საკუთარ ანარეკლს ვხედავთ. არა იმ გაპრიალებულ სელფს, რომელსაც „სთორებში“ ვაზიარებთ, არამედ რეალურს: ოდნავ მოღუშულს, დაღლილს, თვალებჩაცვენილს და ეკრანს მიშტერებულს. ეს შეხვედრა საკუთარ ორეულთან იმდენად არაკომფორტულია, რომ მყისიერად ვაჭერთ ღილაკს თითს, რათა ეკრანი კვლავ განათდეს და ანარეკლი გაქრეს. ჩვენ ვანაცვლებთ საკუთარ თავს პიქსელებით, რადგან პიქსელები უსაფრთხოა, საკუთარი თავი კი — პროგნოზირებადი არ არის.
პარადოქსია, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც „არაფრის კეთება“ ყველაზე რთულ სამუშაოდ იქცა. არადა, სწორედ ამ მოწყენილობაში, ამ ცარიელ ეკრანთან გატარებულ წუთებში იბადება ნამდვილი იდეები და ნამდვილი სიმშვიდე. ჩვენ კი ისე შეგვეშინდა სიცარიელის, რომ მას ხმაურით ვავსებთ მანამ, სანამ თვალები არ დაგვეხუჭება.
შეგიძლია გაუძლო ცდუნებას და ეკრანის ჩაქრობის შემდეგ, შავ მინაში საკუთარ ანარეკლს თვალებში შეხედო ისე, რომ სასწრაფოდ უკან არ გაექცე?
Tornike Moss